რუსთაველზე აქციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა მშვიდობიანად იცავს თავის კონსტიტუციურ უფლებას საკუთარი ხმის დაცვაზე.
სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის 70%-ის სურვილისა, საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია, "მოულოდნელად ეს ყველაფერი შემობრუნდა" არჩევნების შედეგებით.
ის საუბრობს არჩევნებში გამოყენებულ გაყალბების ინსტრუმენტებზე და პირადობის მოწმობების დუბლირებებზე. პრეზიდენტი მიუთითებს დარღვევების სისტემურ ხასიათზე და ამბობს, რომ მტკიცებულებები გროვდება.
პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპელი ლიდერების განცხადებებზე, რომელთა თანახმადაც, ქართულ ოცნებას თავიანთი ქმედებებით ევროკავშირში შესვლის პრეტენზია ვერ ექნებათ.
"ვერ გაწევრიანდები ევროკავშირში, როცა იღებ რუსულ კანონს. ვერ გაწევრიანდები ევროკავშირში, როცა იღებ ანტი ლგბტ კანონს, როცა წინასაარჩევნო პროგრამაში ამბობ, რომ დააპატიმრებ ოპოზიციონერ ლიდერებს, ზოგ ოპოზიციურ პარტიას აკრძალავ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოაქცევ რუსული კანონის ქვეშ ისე, როგორც ეს რუსეთში ხდება.
ასეთია ყველა ევროპული ლიდერის და ბოლოდროინდელი ევროპული საბჭოს სხდომის პასუხი. უახლოეს დღეებში იქნება ახალი ევროპული საბჭოს სხდომა, რომელიც ამას ნამდვილად დაადასტურებს.
საქართველოს პრემიერის გადასაწყვეტი არ არის, რა პირობებში შეუერთდება საქართველო ევროპას. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, რომელიც გავეცით და რომელთა დაცვისთვისაც საქართველოს მოსახლეობა მზად არის", - თქვა პრეზიდენტმა.